31/05/2011 რუსთავში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყო
კომპანია ”რუსთავის წყლის” გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა, ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორ დავით კირკიტაძესა და რუსთავის მერ ზაქარია დარჩიაშვილთან ერთად, რუსთავის მერიაში დღეს ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე გაკეთდა ერთობლივი განცხადება რუსთავსა და გარდაბანში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასა და აღნიშნული პროექტის ფარგლებში რუსთაველთა დასაქმებისთან დაკავშირებით.
“რუსთავის წყალი” მოსახლეობისთვის წყლის ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს ახორციელებს. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვასაც. რუსთავში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებითა და “რუსთავის წყლის” შუამდგომლობით, სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანია გეგმავს 500-მდე პირი დაასაქმოს, რომელთა უმეტესობაც რუსთაველები იქნებიან.
დასაქმებული კადრები გამრიცხველიანების სამუშაოებს ქ. რუსთავსა და გარდაბანში შეასრულებენ. ევროპული წარმოების მაღალხარიახიანი მრიცხველების მონტაჟი პარალელურად წარიმართება როგორც გარდაბნისა და რუსთავის კერძო დასახლებებში, ასევე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში. საბოლოო ჯამში, 2011 წლის ბოლომდე, წყლის მრიცხველებით რუსთავისა და გარდაბნის უკლებლივ ყველა აბონენტი აღიჭურვება.
გამრიცხველიანების პრინციპი მარტივი და სამართლიანია და როგორც წესი პოზიტიურად აისახება თითოეული ოჯახის ბიუჯეტზე - როდესაც აბონენტს დამონტაჟებული აქვს მრიცხველი, ის უფრთხილდება და ზოგავს თავის ბიუჯეტს და სასმელ წყალსაც. ”რუსთავის წყლის” აბონენტისთვის წყალმომარაგება-წყალარინების ტარიფი 1 კუბური მეტრი წყლის მოხმარებისთვის 40,5 თეთრს შეადგენს. მაგალითად, 4-სულიანმა ოჯახმა, ფიქსირებული გადასახადით (3 ლარი 1 სულზე) ყოველთვიურად 12 ლარი უნდა დაფაროს, ხოლო მრიცხველის მონტაჟის შემდეგ, თუკი ოჯახი რაციონალურად მოიხმარს წყალს, ვთქვათ, დღე-ღამეში 120 ლიტრს 1 სულზე, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდება, მაშინ მას ყოველთვიურად 6,48 ლარის გადახდა მოუწევს, ნაცვლად 12 ლარისა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში კი, წყლის მოხმარებაზე თანხა საერთოდ არ დაერიცხება. რუსთავისა და გარდაბნის მთლიანად გამრიცხველიანების შემდეგ წყალმომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდება და გაცილებით საიმედო იქნება, მოსახლეობა წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს, მაღლივი კორპუსების მაღალ სართულებზე მცხოვრები აბონენტების წყალმომარაგება კი ზაფხულის ცხელ დღეებშიც შეუფერხებლად მოხდება, რადგან თითოეული აბონენტი სასმელ წყალს რაციონალურად გამოიყენებს და უმიზნოდ აღარ დაღვრის.
სემეკის 2010 წლის №18 დადგენილების თანახმად, საქართველოში მოქმედ წყალგამანაწილებელ კომპანიებს უფლება აქვთ, 2015 წლის 1 იანვრამდე, საქართველოში, კერძო სახლის მქონე აბონენტებსა და უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ მოსახლეობას ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟონ. სემეკის დადგენილების მიხედვით, თითოეული აბონენტის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის ზედა ზღვარი 100 ლარის ოდენობით განისაღვრა და ეს თანხა აბონენტმა თავად უნდა დაფაროს, რადგან გამრიცხველიანების ხარჯები წყალმომარაგების ტარიფში არ აისახება. თანხას, პირველ ეტაპზე კომპანია თავად გაიღებს, აბონენტი კი ამ თანხის დაფარვას მრიცხველის მონტაჟიდან 6 თვის შემდეგ დაიწყებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი