ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების წყაროები და ობიექტები
...

წყალმომარაგების წყაროები

 

თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგების ძირითადი წყაროებია მდინარე არაგვი და მისი ფილტრატები, რომლის მეშვეობით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობას უწყვეტად ამარაგებს სასმელი წყლით. 

მდინარე არაგვი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყინვარების დნობის შედეგად მიღებული წყლებით.

მდინარე არაგვის ფილტრატები, იგივე წყაროები ამოედინება ჟინვალში, ბულაჩაურში, ჭოპორტში, საგურამოსა და ნატახტარში. 

 

წყალმომარაგების ობიექტები
...

ჟინვალის წყალსაცავი

ჟინვალის ჰიდროკომპლექსის შემადგენელი ნაწილი მდებარეობს მდინარე არაგვზე, სოფელ ანანურსა და დაბა ჟინვალს შორის. მოწყობილია 102მ სიმაღლის მიწის კაშხალი, რომელიც ქმნის 500 მლნ. მ3 მოცულობის წყალსაცავს. ჟინვალის წყალსაცავი ექსპლუატაციაში გაიშვა 1985 წელს. მისი დანიშნულებაა თბილისისა და ქალაქ მცხეთის სასმელი წყლით მომარაგება.

 

...

ბოდორნას საბუფერო აუზი

ჟინვალის ჰიდროკომპლექსის შემადგენელი ნაწილი. მდებარეობს ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში, მოცულობით - 1.0 მლნ მ3. აქედან წყლის გარკვეული ნაწილი მიედინება   ბულაჩაურის, ჭოპორტის, მისაქციელის, ნატახტრის, მუხრანის, საგურამოს სათავე ნაგებობებზე, ხოლო ნაწილი - 42 კმ-იანი გვირაბის საშუალებით მიეწოდება ღრმაღელის სათავე ნაგებობას და უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგებას. 

 

...

ბულაჩაურის სათავე ნაგებობა

განთავსებულია მდინარე არაგვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, 242 ჰექტარ ფართობზე. მისი წარმადობა საშუალოდ, 3000 ლ/წმ შეადგენს. აქედან 2000 ლ/წმ  სასმელი წყალი თვითდინებით მიეწოდება თბილისს, ხოლო 1000 ლ/წმ სასმელი წყალი გადაიქაჩება საგურამოს წყალსადენის სამიჯნე კამერაში. წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით, ბულაჩაურში ფუნქციონირებს ქიმიური ლაბორატორია. წყალსადენი 1951 წელს გაეშვა ექსპლუატაციაში.

 

...

ჭოპორტ-მისაქციელის სათავე ნაგებობა

მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე და მოიცავს 975 ჰექტარს. წარმადობა საშუალოდ, შეადგენს 1300 ლ/წმ. სასმელი წყალი  თვითდინებით შეედინება საგურამოს სამიჯნე კამერაში. სათავე ნაგებობა1962 წელს გაეშვა ექსპლუატაციაში.

 

...

ნატახტრის სათავე ნაგებობა

პირველი უნიკალური სიფონური წყალსადენი, 1300 ლ/წმ წარმადობით,  ექსპლუატაციაში შევიდა 1933 წელს. მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე და მოიცავს 250 ჰექტარს. აქედან სასმელი წყალი თვითდენით მიეწოდება თბილისს. 1982 წელს ნატახტარში გაეშვა ნატახტრის მეორე  წყალსადენი  900 ლ/წმ წარმადობით, საიდანაც ხდება თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგება. წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით ნატახტრის სათავე ნაგებობაზე ფუნქციონირებს  ქიმიური ლაბორატორია.

 

 

...

მუხრანის ველის არტეზიული წყალსადენი

მდებარეობს სოფელი ნატახტრის მიმდებარედ და მოიცავს 151 ჰექტარს. წარმოადგენს 40 ჭაბურღილის ერთიანობას, რომელიც იძლევა 1200 ლ/წმ წყალს და შეედინება ნატახტრის სამიჯნე კამერაში, საიდანაც მიეწოდება თბილისსა და ქალაქ მცხეთას. მუხრანის ველის არტეზიული წყალსადენი 1980 წელს ამოქმედდა.

 

 

 

 

...

საგურამოს სათავე ნაგებობა

საგურამოს წყალსადენი, რომელიც ექსპლუატაციაში გაეშვა 1962 წელს, მდებარეობს სოფელ საგურამოში. მისი წარმადობაა 3000 ლ/წმ და ძირითადად საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით. საფილტრე სადგურში გამართულია კოაგულირებისა და ქლორირების სისტემები.   სასმელი წყალი ტუმბოებით მიეწოდება თბილისს.  წყალსადენით ხდება  სათავე ნაგებობის  მიმდებარე დასახლებებისა  და ქალაქ თბილისის წყალმომარაგება. 

 

 

...

ღრმაღელეს სათავე ნაგებობა

ღრმარელეს სათავე ნაგებობა ჟინვალის ჰიდროკომპლექსის შემადგენელი ნაწილია წარმადობით 5.0 მ3/წმ. სანიტარული ზონის ტერიტორიაზე განთავსებულია 4 რეზერვუარი. საფილტრე სადგურში გამართულია კოაგულირებისა და ქლორირების სისტემები. სადგური ტექნოლოგიური პროცესების, ასევე შესრულების დონის მიხედვით წარმოადგენს თანამედროვე ტიპის ნაგებობათა ერთიანობას. სათავე ნაგებობაზე მიმდინარეობს ნედლი წყლის მრავალჯერადი დამუშავება-ფილტრაცია და ქლორით გაუვნებელყოფა. ღრმაღელეს სათავე ნაგებობიდან სასმელი წყალი თვითდინებით მიეწოდება თბილისს. სათავე ნაგებობა 1985 წლიდან ფუნქციონირებს. აქვე მოქმედებს ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია.

 

 

 

...

სამგორის სათავე ნაგებობა

სამგორის სათავე ნაგებობის საერთო ფართი 3000 მ2-ია, წარმადობით - 5.0 მ3/წმ. ტერიტორიაზე განთავსებულია 50 ფილტრი, 6 მიწისქვეშა რეზერვუარი, 3 სატუმბო სადგური. საფილტრე სადგურში გამართულია კოაგულირებისა და ქლორირების სისტემები.  სამგორის წყალსადენი ექსპლუატაციაში გაეშვა 1957 წელს.სამგორის სათავე ნაგებობაზე ხდება ნედლი წყლის მრავალჯერადი დამუშავება-ფილტრაცია, შემდეგ კი გაუვნებელყოფა ქლორით. წყლის ხარისხის კონტროლის 

მიზნით, სამგორის სათავე ნაგებობაზე  ფუნქციონირებს  ქიმიური ლაბორატორია.

 

 

...

თბილისის წყალსაცავი

თბილისის წყალსაცავი მდებარეობს თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სიგრძე - 8.75 კმ, მაქსიმალური სიგანე – 1.85 კმ. პირველ ეტაპზე წყალსაცავი საზრდოობდა მხოლოდ მდინარე ივრის წყლით. ჟინვალის წყალსაცავის ამოქმედების შემდეგ, 1985 წლიდან, თბილისის წყალსაცავი  ძირითადად მდინარე არაგვის წყლით იკვებება. წყლის მაქსიმალური მოცულობა 308 მლნ მ3-ია, მაქსიმალური სიღრმე 45 მ-მდე აღწევს. წყალსაცავი ექსპლუატაციაში 1953 წლიდან შევიდა.

თბილისის წყალსაცავი არის ერთერთი მნიშვნელოვანი ობიექტი დედაქალაქის  წყალმომარაგებისთვის. (არ წარმოადგენს კომპანიის ობიექტს)