19/12/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახლადშემოერთებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს. შეხვედრების მიზანი 24-საათიანი წყალმომარაგების შესახებ კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და აღნიშნულის თაობაზე ახლადშემოერთებული სოფლებისა და დასახლებების მაცხოვრებელთა ინფორმირებაა.
დღეს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე, ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძე და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ტაბახმელის, წავკისის, კიკეთის, კოჯრისა და შინდისის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. მოსახლეობას მათ ის საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიაწოდეს, რაც 2015 წლის იანვრიდან ტაბახმელის, წავკისის, კიკეთის, კოჯრისა და შინდისის სასმელი წყლით 24-საათიან რეჟიმში მომარაგებისთვის არის აუცილებელი, იმავდროულად, მაცხოვრებლებს განემარტათ, თუ რატომ არის წყალმომარაგების გაუმჯობესება გარკვეულწილად დამოკიდებული მათ მხარდაჭერაზეც. ასეთივე შეხვედრა, გუშინ, 18 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი მუსხელიშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, წყნეთისა და ახლდაბის მოსახლეობასთანაც შედგა.
გელა არჩვაძემ და კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მოსახლეობის მხრიდან სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევებზე, რაც ზარალს აყენებს კომპანიას, ზრდის წყლის დანაკარგებს და პრობლემას უქმნის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ის აბონეტები, რომლებიც კომპანიას დახმარება გაუწევენ უკანონო ხაზების აღმოჩენაში, ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მაინც გააგრძელებს უკანონო მიერთებების ჩაჭრის სამუშაოებს და მათი მიკვლევის შემდეგ აბონენტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენელთა თქმით, 24-საათიანი წყალმომარაგება რეალურად იქნება შესაძლებელი, თუ თითოეული ოჯახი რაციონალურად მოიხმარს და უმიზნოდ არ დაღვრის სასმელ წყალს, მოაწესრიგებს და შეაკეთებს დაზიანებულ კუთვნილ წყალგაყვანილობას, მჟონავ მილებსა და ონკანებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნეს, განსაკუთრებით პრობლემატური საკითხია მოსახლეობის მიერ დიდი მოცულობის წყლის ავზების ყოველდღიურად შევსება, რაც დღეს უკვე აღარ წარმოადგენს აუცილებლობას. მათი განმარტებით, რამდენიმეტონიანი ავზები, რომლებიც თითქმის ყველა ოჯახშია დამონტაჟებული, კვლავაც ყოველდღიურად ივსება, მაშინ როდესაც ამის საჭიროება დღეს აღარ არსებობს, ასევე, ხშირია ავზების წყლით გადავსების შემთხვევები, რაც, დამატებით, დიდი ოდენობით დანაკარგს იწვევს.
გელა არჩვაძემ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინეს და მათ უმოკლეს დროში მოგვარებას დაპირდნენ. ასევე, მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყლის მიწოდების 24-საათიან რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში, წყალმომარაგების მხრივ მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები.
სადღეისოდ, თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა უკვე დასრულებულია. ახლადშემოერთებულ ყველა სოფელსა და დასახლებას გააჩნია წყალმომარაგების ინდივიდუალური და სრულყოფილი ახალი სისტემა, შესაბამისად, სასმელი წყალი მათ უკვე ყოველდღიურად, გარკვეული გრაფიკით მიეწოდებათ. 2015 წლიდან კი კომპანია ახალ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობის წყალმომარაგებას 24-საათიან რეჟიმში გეგმავს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი