
02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”
მადრიდში აპრილის დასაწყისია. ლას-ტაბლასში, Aqualia-ს შტაბ-ბინაში, ისეთი მშვიდი და ოპტიმისტური გარემოა, როგორიც შეეფერება კომპანიას, რომელიც სტაბილურად მტკიცე ნაბიჯით მიიწევს წინ. ინტერვიუს დაწყებამდე, სანტიაგო ლაფუენტე, ჩვეულ რეჟიმში, საუბრობს და ხუმრობს მადრიდის რეალის თემაზე კომპანიის კომუნიკაციების ეფექტური გუნდის პროფესიონალებთან ერთად. ამჯერად საუბარი რეალის ბოლო მატჩს შეეხება-შთამბეჭდავი ფრე, 4-4, რომლის ბედიც კვლავ დამატებით დროში გადაწყდა. სანტიაგო ლაფუენტე, მადრიდის „რეალის“ აღიარებული გულშემატკივარი, იღიმის, როგორც ამ საქმეში კარგად გარკვეული ადამიანი.
კომპანიაში ვერ იგრძნობთ არეულობას და კონტროლირებად ქაოსს. აქვალიაში საქმე სისტემურად, სწორი ხედვითა და სიმტკიცით კეთდება.
კომპანია თავდაჯერებულია იმაში, თუ რას აკეთებს და როგორ აკეთებს: ეს არის ლიდერობის გამყარება ესპანეთში, მნიშვნელოვანი გაფართოება საერთაშორისო ბაზრებზე. ეს ყველაფერი ხდება ზედმეტი ხმაურის გარეშე, მაგრამ შედეგიანად.
Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი iAgua Magazine-ის გარეკანზე უკვე მესამედ გამოჩნდა, თუმცა ეს ინტერვიუ განსხვავებულია, რადგან პირველია სანტიაგო ლაფუენტესთან, როგორც კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან. ლაფუენტეს გამოცდილება, ბიზნესისა და წყლის მართვის ცოდნა ლოგიკურად დასრულდა აქვალიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობრივი პოზიციით. სწორედ ამიტომ, მისი დაწინაურება ბუნებრივი, თითქმის გარდაუვალი პროცესი იყო, რომელსაც დარგის წარმომადგნლები დიდი ხანია ელოდნენ.
ლაფუენტე ისეთი სიმშვიდით, სიცხადითა და ამბიციით ხელმძღვანელობს, რომელსაც სათაურები არ სჭირდება. ამ საუბარში, რომელიც გულწრფელია და პირდაპირი, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე, მიმოიხილავს კომპანიის სათავეში გატარებულ პირველ წელს და თანაბარი სიმტკიცითა და სიმშვიდით აღწერს, თუ როგორ ემზადება აქვალია მომავლისთვის: ჭეშმარიტი მდგრადობისთვის, გაციფრულებისთვის და საოპერაციო წარმატებისთვის გლობალური მასშტაბით.
კითხვა: Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, როგორ შეაფასებთ ამ პერიოდს? რა სტრატეგიულ პრიორიტეტებს აწესებთ სამომავლოდ?
ჩემი შეფასება ნამდვილად პოზიტიურია. 2024 წელი Aqualia-სთვის გამორჩეული წელი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან კომპანიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა, არამედ იმითაც, რომ მდგრადი და დაბალანსებული ზრდის მკაფიო სტრატეგია შევიმუშავეთ. პროგრესს მივაღწიეთ ყველა ძირითად სფეროში. ესენია: საერთაშორისო ზრდა, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და ფინანსური სიძლიერე.
„2024 წელი Aqualia-სთვის გამორჩეული წელი იყო, ისტორიაში საუკეთესო შედეგებით და მკაფიოდ კონსოლიდირებული სტრატეგიით.“
ფისკალური წელი 1.675 მილიარდი ევროს შემოსავლით და 425 მილიონი ევროს EBITDA-თი დაიხურა, რაც ორნიშნა ზრდას წარმოადგენს. საერთაშორისო წმინდა მოგებამ პირველად გადააჭარბა შიდა წმინდა მოგებას. ესპანეთის ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი ამჟამად მთლიანი შემოსავლის 45%-ს შეადგენს, 2017 წლის 23%-თან შედარებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ზრდა არ მომხდარა ესპანეთის ბაზრის ხარჯზე, სადაც ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ ინფლაციის მაჩვენებელზე მაღალი, დადებითი ზრდა, უაღრესად კონსოლიდირებულ და კონკურენტულ გარემოში.
წლის განმავლობაში ჩვენ გავაძლიერეთ ოპერირება სტრატეგიულ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო — სადაც ჩვენი პირველი სამწლიანი სატარიფო გეგმა დამტკიცდა და ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ამჟამად სტაბილურად ვოპერირებთ ჰიუსტონში მდებარე ჩვენი ოფისიდან. გარდა ამისა, დამტკიცდა 2024-2026 წლების სტრატეგიული მდგრადობის გეგმა, გადავხედეთ ფინანსურ ჩარჩოს და საქართველოში გამოვუშვით 300 მილიონი დოლარის ოდენობის მწვანე ობლიგაცია კომპანიის საინვესტიციო გეგმის დასაფინანსებლად, რაც შესაბამისობაშია აქვალიასთვის მნიშვნელოვან მდგრადი განვითარების მიზნებთან.
მომავალში, Aqualia განაგრძობს მუნიციპალურ და ინფრასტრუქტურულ კონცესიებზე ფოკუსირებას, რომლებიც ჩვენი ბიზნეს მოდელის ბირთვს წარმოადგენს. ჩვენ წყლის მენეჯმენტის გლობალური კომპანია ვართ, რომელიც მართავს წყალმომარაგების სრულ ციკლს: ინჟინერია, ენერგეტიკა და ოპერაციული ეფექტურობა, კონცესიები, სამრეწველო წყალი, მშენებლობა, ექსპლუატაცია და მოვლა-პატრონობა. ასევე Aqualia განაგრძობს გაციფრულებას და მდგრადობის, როგორც მომდევნო წლების სტრატეგიული საყრდენის ხელშეწყობას.
კითხვა - Aqualia აღიარებულია, როგორც წყლის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია მსოფლიო მასშტაბით. ბოლო დროს მიღებული რომელი გადაწყვეტილებები იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პოზიციის გასამყარებლად?
ეს აღიარება მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და მკაფიო სტრატეგიის შედეგია: თანმიმდევრული განვითარება და ზრდა, კონკურენტუნარიანობა და ადგილობრივი კომპანიის როლის მორგება ყველგან, სადაც ვოპერირებთ, ეს იყო ჩვენი, როგორც გლობალური ოპერატორის წარმატების ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი.
ბოლო წლებში ახალ ბაზრებზე კარგად გააზრებული სტრატეგიით შევედით. საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო: ჩვენ დედაქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე 1.4 მილიონ ადამიანს ვემსახურებით მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული სამწლიანი სატარიფო პირობებითა და ჩვენს მიერ დამტკიცებული საინვესტიციო გეგმით. სწორედ ამ ქვეყანაში, ჩვენ გამოვუშვით მწვანე ობლიგაციები და გავაძლიერეთ როგორც ფინანსური, ასევე საოპერაციო მაჩვენებლები.
ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენდა ადგილობრივი რეგულაციების კომპლექსურობის გამო. ახლა უკვე დავმკვიდრდით ტეხასში ადგილობრივი გუნდითა და გრძელვადიანი ოპერირების ხედვით. აღსანიშნავია საფრანგეთიც, სადაც მცირე შენაძენით დავიწყეთ ილ-დე-ფრანსში და დღეს სტაბილურად ვოპერირებთ რამდენიმე რეგიონში, ვხსნით ახალ ფილიალებს და ვნერგავთ საკუთარ მოდელს მაღალკონკურენტულ გარემოში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს Aqualia-ს ფინანსური ჩარჩოს მოდერნიზებას, რამაც მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტები და გაგვეძლიერებინა სანდოობა ისე, რომ შეგვენარჩუნებინდა მთავარი პრინციპი - კონცესიები, ინფრასტრუქტურა და სრული ოპერაციული მოდელი, ინჟინერიიდან და მშენებლობიდან დაწყებული, ტექნიკური მომსახურებითა და მენეჯმენტის ინტელექტუალური რესურსით დამთავრებული.
ჩვენი უპირატესობა კომპანიის მასშტაბსა და ბრუნვასთან ერთად არის უნარი, შევქმნათ დამატებითი ღირებულება, სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც მხოლოდ ერთჯერად კონტრაქტებზეა ორიენტირებული. ჩვენ გვსურს დავრჩეთ, ვინტეგრირდეთ და გვქონდეს თანაბრად მაღალი სტანდარტები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
კითხვა - როგორ აფასებთ ესპანეთში ურბანული წყალმომარაგების დარგში არსებულ მდგომარეობას, საოპერაციო და მარეგულირებელი თვალსაზრისით?
ბოლო პერიოდია მაწუხებს აზრი, რომ ესპანეთის სექტორი შეიძლება ჩამორჩეს. როდესაც ჩამორჩენაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ ინვესტიციებს, ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებს., მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში გამართული ინფრასტრუქტურაა, გამოწვევაც ბევრი გვაქვს.
უკვე საგრძნობია კლიმატის ცვლილების შედეგები. თითქმის მუდმივი გვალვებისა და სულ უფრო ხშირი წყალდიდობების ფონზე, გვჭირდება არა მხოლოდ პროგნოზებზე, არამედ ფაქტებზე დაფუძნებული მართვის მოდელი.
ვფიქრობ, რეგულაციების მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ: ურბანული ჩამდინარე წყლების ახალი დირექტივა, ხელახალი გამოყენების შესახებ დადგენილება, სასმელი წყლის კონტროლი, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების საინფორმაციო დოკუმენტები და სხვა. თუმცა, ამ ყველაფერს თან არ ახლავს დაფინანსების მკაფიო მოდელი. როგორც ქვეყანა, ვერ დავუშვებთ, რომ ჰიდროლოგიური გეგმების დასამტკიცებლად საჭირო გლობალურად გაწეულმა უზარმაზარმა ძალისხმევამ უშედეგოდ ჩაიაროს, ხოლო აუცილებელი ქმედებები განუხორციელებლად დარჩეს.
დადებით ასპექტებს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ გაციფრულების პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. PERTE (სტრატეგიული პროექტი ეკონომიკის აღდგენისა და გარდაქმნისთვის) იყო და არის შესანიშნავი პროექტი. ამ საკითხზე სამინისტროს მიდგომა ძალიან სწორია. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ მას ინფრასტრუქტურის რეალური განახლებები მოჰყვება. ჭკვიანი სისტემების დანერგვა აზრს კარგავს, თუ მილები ორმოცდაათ წელზე მეტი ხნისაა. შედეგების მისაღებად აუცილებელია თამამი გადაწყვეტილებები ტარიფების, დაფინანსებისა და საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მიმართულებით.
კითხვა - ბოლო წლებში Aqualia-მ კონცესიების დიდი ნაწილი განაახლა. რას მიიჩნევთ მთავრობისა და მოქალაქეების ნდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორად?
საკვანძო სიტყვა სწორედ ნდობაა - ის ყველაფრის საფუძველია. 2024 წელს, მხოლოდ ესპანეთში, ჩვენ გავაგრძელეთ ან სხვადასხვა ფორმით განვაახლეთ 366 ხელშეკრულება. ეს ასახავს ორმხრივ და მდგრად ნდობას იმ ადმინისტრაციებთან, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით.
ჩვენი ძლიერი მხარე მომსახურების ერთიანი ფილოსოფიაა, რომელსაც ვნერგავთ როგორც პატარა, ისე დიდ და საშუალო მუნიციპალიტეტებში. ვალდებულები ვართ, ქალაქს, რომელშიც მხოლოდ ათასი მოსახლეა, იგივე ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ, რასაც დიდ ქალაქს შევთავაზებდით, ამისთვის კი აუცილებელია სტაბილურობა, ერთგულება და ეფექტურობა.
ასევე, მნიშვნელოვანია საოპერაციო პროცესები. ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ვმუშაობთ საოპერაციო ცენტრებთან ერთად, რომლებიც რამდენიმე მუნიციპალიტეტს ერთი პლატფორმიდან ინტეგრირებულად მართავს. ამ ტიპის კომბინირებული მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სინერგია და ვიყოთ უფრო ეფექტურები და კონკურენტუნარიანები. შესაბამისად, ასეთი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი კონკურენტუნარიანობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ადმინისტრაციების მხრიდან ნდობის შესანარჩუნებლად.
აღსანიშნავია მოქალაქეების როლი. ჩვენ გვიყვარს მომხმარებლებზე საუბარი, ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ენდობიან ჩვენი სერვისის ეფექტურობას. ტექნიკური მომსახურების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მჭიდრო და პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება.
ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ კონკურენტუნარიანი ხარ. ნდობა აუცილებელია, თუმცა სწორი ეკონომიკური შეთავაზების გარეშე, საკმარისი არ არის. ვისწრაფვით ბალანსისკენ, რომ მუდმივად ვიყოთ ხელმისაწვდომი, ეფექტური, ტექნიკურად გამართული და ამავდროულად, ეკონომიკურად მიმზიდველი მთავრობებისთვის.
კითხვა - ურბანული ჩამდინარე წყლების დამუშავების შესახებ ევროპის ახალი დირექტივის დამტკიცება სანიტარიის საფუძვლიან ტრანსფორმაციას გამოიწვევს კონტინენტზე. რა გავლენას მოახდენს ეს Aqualia-ზე, როგორც ესპანეთში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც ის ოპერირებს?
ახალი დირექტივა დიდ გამოწვევას წარმოადგენს მთელი ევროპისთვის, განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ესპანეთი. ევროპაში, ამჟამად მოქმედ 500-ზე მეტ ობიექტს სრული განახლება დასჭირდება. თუმცა, ციფრებს მიღმა, აქტუალურია პარადიგმის ცვლილება: გამოყენების სფერო გაფართოვა, რაც გავლენას ახდენს 1000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ დასახლებებზე, ხოლო მოთხოვნები შეესაბამება ევროპის მწვანე შეთანხმებას, ფოკუსირებულია ენერგოეფექტურობაზე, ცირკულარობასა და ემისიების შემცირებაზე.
ჩვენთვის, როგორც ოპერატორისთვის, ეს ნიშნავს მზადყოფნას როგორც ტექნოლოგიური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. წლებია ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ლეიდას გამწმენდი ნაგებობა, რომელმაც უკვე მიაღწია ენერგეტიკულ თვითკმარობას. თუმცა საქმე მხოლოდ მზის პანელებს ან ბიოგაზს არ ეხება: ჩვენ ვსაუბრობთ მცენარეების ბიოქარხნებად წარმოჩენაზე, რომლებსაც შეუძლიათ ენერგიის გამომუშავება, თანმდევი პროდუქტების აღდგენა და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა.
კიდევ ერთი დიდი გამოწვევა მცირე მუნიციპალიტეტებშია. არ გვსურს წარსულის შეცდომების გამეორება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომლის მოვლა-პატრონობაც შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ვავითარებთ მარტივ და დაბალბიუჯეტიან გადაწყვეტებს. მაგალითად, ჩვენ ვმუშაობთ INTEXT პროექტზე, რომელიც მდებარეობს ტალავერა დე ლა რეინაში (ტოლედო), სადაც ვამუშავებთ სოფლის გარემოსთან ადაპტირებულ ტექნოლოგიებს.
ეს ყველაფერი შეუძლებელია ადმინისტრაციის ჩართულობის გარეშე. რეალობა ისაა, რომ სახელმწიფოს არც ესპანეთში და არც ევროპის სხვა ქვეყნებში, არ შეუძლია ამ ტრანსფორმაციის დამოუკიდებლად დაფინანსება. საჭიროა თანადაფინანსება, ინფრასტრუქტურის კონცესიები და საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უფრო ამბიციური მოდელები.
გარდა ამისა, დირექტივა ეხება კიდევ ერთ მთავარ გამოწვევას - ხელახალ გამოყენებას. ესპანეთში უკვე არსებობს დადგენილება, რომლის თანახმადაც, ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებზე სავალდებულოა ე.წ. მესამეული გაწმენდა, რაც დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს. შესაბამისი რესურსების გარეშე, იმედი იმედგაცრუებად იქცევა.
ვღელავ თუ ეს დაფინანსება არ იქნება გარანტირებული, განხორციელება წლების განმავლობაში გაჭიანურდება და ქვეყნებს შორის ან თუნდაც რეგიონებს შორის უთანასწორობას შექმნის. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, ცოდნა და გადაწყვეტილებები. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ არსებული პოტენციალი რესურსების ნაკლებობის გამო დაიკარგოს.
კითხვა - Aqualia აქტიურად მონაწილეობს PERTE-ს ფარგლებში წყლის ციკლის გაციფრულების რამდენიმე ინიციატივაში. რა გამოცდილებას იღებს კომპანია ამ პროცესით და როგორ ფიქრობთ, როგორ შეცვლის ეს მომსახურების მენეჯმენტს მომდევნო წლებში?
უკვე გვაქცს გაციფრულების სფეროში გამოცდილება, შევიმუშავეთ პლატფორმა - Aqualia Live-ი, რომელიც აერთიანებს რუკების შედგენის, სექტორიზაციის, SCADA-ს, ავტოპარკის მართვის, ხარვეზების აღმოჩენისა და პროგნოზირების, აქტივების მართვის, სამუშაო შეკვეთების და ა.შ.ფუნქციონალებს. PERTE-მ კი პროცესი დააჩქარა და მოგვცა შესაძლებლობა, თვეებში მივაღწიოთ იმას, რასაც წლები დასჭირდებოდა.
ამჟამად ვმუშაობთ ხუთ პროექტზე, ესენია: გიბრალტარის ველი, ასტურია, სიუდად რეალი, კანტაბრია და კანარის კუნძულები. მათი ჯამური ინვესტიცია 43 მილიონ ევროს შეადგენს. თითოეულ შემთხვევაში, ჩვენ ვიყენებთ კონკრეტულ ტერიტორიაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ საერთო ხედვით, როგორიცაა: ქსელის კონტროლი, სენსორების გამართვა, მონაცემთა ინტეგრაცია და პროგნოზირების შესაძლებლობები.
PERTE-ს დიზაინი დადებითი მიმართულებით განვითარდა. თავდაპირველად, ის თითქმის ექსკლუზიურად ჭკვიან მრიცხველებზე იყო მორგებული, თუმცა სამინისტრომ შეძლო მისი ტრანსფორმირება. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სრულფასოვან პლატფორმებზე, არხების კონტროლზე, ციფრულ ქსელებსა და რეალურად ამბიციურ სტრატეგიაზე.
ტექნოლოგიებს მიღმა, PERTE-მ ზეგავლენა მოახდინა კომპანიის შიდა კულტურაზეც. ტრანსფორმაციისა და ინოვაციის დირექტორატი (DTI) გავაერთიანეთ ლას ტაბლასის ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც გაერთიანდატრადიციული და ახალი პროფესიები და შესაბამისად, ახალგაზრდა და მრავალფეროვანი ტალანტების მოზიდვის შესაძლებლობა.
PERTE-მ ასევე ქვეყნის დღის წესრიგში შეიტანა ურბანული წყლების საკითხი. სექტორმა აჩვენა ტექნიკური შესაძლებლობები და მოქნილობა და რაც მთავარია, თუ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ შევცვლით არა მხოლოდ ინსტრუმენტებს, არამედ ჩვენი მოქმედების, დაგეგმვისა და პროგნოზირების წესსაც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის რომ წყალთან დაკავშირებული PERTE ერთ-ერთი იმ იშვიათი პროექტთაგანია აღდგენის გეგმის ფარგლებში, რომელსაც მოთხოვნა მეტი ჰქონდა, ვიდრე დაფინანსება. თითოეულ განცხადებაზე გამოყოფილ ბიუჯეტს 4 - 5-ჯერ მეტი მოთხოვნა მოჰყვა, რასაც სხვა სექტორებში ადგილი არ ჰქონია. ეს ადასტურებს, რომ სექტორი მზადაა, აქვს ტექნიკური შესაძლებლობა და იმსახურებს გაგრძელებას. იმედია, პროექტი გაფართოვდება და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება ქსელების განახლებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში.
კითხვა - Aqualia 18 ქვეყანაში ოპერირებს. რა განაპირობებს დღეს მდგრადი საერთაშორისო ზრდისშესაძლებლობებს?
ჩვენი საერთაშორისო ზრდის მოდელი ეფუძნება ადგილობრივ კომპანიად ჩამოყალიბებას ყველგან, სადაც ჩვენ ვოპერირებთ. ჩვენ ინტერესი არ არის ერთჯერადი კონტრაქტები და სხვადასხვა ბაზრებზე როტაცია. როდესაც ქვეყანაში შევდივართ, ეს იმიტომ ხდება, რომ გვსურს პლატფორმის შექმნა და განვითარება.
გვაქვს ძირითადი გაფართოების სამი ცენტრი - ამერიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ამერიკის კონტინენტზე ჩვენ ორ რეგიონს გამოვყოფთ: ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ჩვენი საქმიანობა ჰიუსტონში ხორციელდება და ლათინურ ამერიკას, კერძოდ მექსიკას, კოლუმბიას, პერუსა და ჩილეს.
შეერთებული შტატები სახელმწიფო რეგულირების გამო რთული ბაზარია, თუმცა დიდი პოტენციალით. ადგილზე ძირითადად ამერიკული გუნდი გვყავს. მიზნად გვაქვს მოკლევადიან პერსპექტივაში გავაორმაგოთ ოპერირების არეალი, როგორც ტექნიკური მომსახურების, ასევე კონცესიების კუთხით.
ლათინურ ამერიკაში კოლუმბია ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია, სადაც ოთხ რეგიონში ვოპერირებთ ადგილობრივი სტრუქტურით. მექსიკაში წარმოდგენილი ვართ წყლის ციკლის ყველა ეტაპზე (კონცესიები, წყალმომარაგების ხელშეკრულებები და ექსპლუატაცია), პერუში ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ პირველი ხელშეკრულება ჩინჩას გამწმენდი ნაგებობის პროექტისთვის, ხოლო ჩილეში აქტიურად ვმუშაობთ გამტკნარების სექტორთან.
ევროპაში ყურადღებას საფრანგეთზე ვამახვილებულთ. 2019 წელს ილ-დე-ფრანსში დავიწყეთ საქმიანობა და დღეს უკვე რამდენიმე რეგიონში ვოპერირებთ. ლიონში ოფისი გავხსენით და გაფართოებას ვგეგმავთ. ამასთანავე განვაგრძობთ ოპერირებას ჩეხეთის რესპუბლიკაში, პორტუგალიასა და იტალიაში.
15 წელზე მეტია ვმუშაობთ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ვოპერირებთ ალჟირში, ეგვიპტესა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. საუდის არაბეთში ვმართავთ ორ კლასტერს ექვსიდან და ვავითარებთ მათ კონცესიური მოდელების მიმართულებით.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ერთადერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, სადაც ჯერ არ ვართ წარმოდგენილი. ჩვენ ვიკვლევთ შესაძლებლობებს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ვეძებთ სტაბილურ პლატფორმებს, რომლებიც ლოკალური ხედვით განვითარდება.
საქმე მხოლოდ ქვეყნების რაოდენობას კი არა, ტერიტორიებზე ინტეგრაციასც ეხება. ყველა ბაზარზე, სადაც ვმოქმედებთ: ჰიუსტონიდან თბილისამდე, ლიონიდან ლიმამდე, ჩვენი მიზანია, ვიყოთ კომპანია, რომელსაც აქვს ისტორია, კონტექსტუალური ცოდნა და მდგრადი ღირებულების გენერირების უნარი.
კითხვა - ბოლო წლებში Aqualia-მ მნიშვნელოვანი შენაძენები განახორციელა - ტეხასში კომპანია Municipal District Services და თბილისში Georgian Global Utilities შეიძინა. რა როლს თამაშობს ეს ოპერაციები თქვენს საერთო სტრატეგიაში? ახალ შენაძენებს განიხილავთ?
ჩვენთვის საერთაშორისო ბაზარი საინტერესოა, თუმცა შესყიდვები კონკრეტული სტრატეგიული მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება. არ ვცდილობთ მოცულობის ან რიცხვების ზრდას, ჩვენი მიზანია შევქმნათ პლატფორმები, რომლებიც თითოეულ ქვეყანაში ორგანულად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.
ამის მაგალითია საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ორივე შემთხვევაში, კომპანიების შესყიდვასთან ერთად დავნერგეთ ადგილობრივ ხედვებზე ორიენტირებული ზრდის სტრუქტურა.
გვსურს ვიყოთ გლობალური კომპანია დაბალანსებული მოდელით. 2024 წელს, პირველად, საერთაშორისო EBITDA-მ გადააჭარბა ადგილობრივ EBITDA-ს და საერთაშორისო ბაზრიდან შემოსავალი 50%-ს მიუახლოვდა. მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური ზრდა თანაბრად მოხდეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.
პროცესში ესპანეთი ფუნდამენტურ როლს ასრულებს. ეს ჩვენი ბაზაა, სადაც განთავსებულია ცენტრალური სერვისები, მათ შორის ორი ძირითადი საყრდენი: ტექნოლოგია და ინჟინერია. გვსურს, რომ საერთაშორისო ზრდამ აჩვენოს ესპანეთში შექმნილი მოდელის ეფექტური განვითარება.
კითხვა - კლიმატის ცვლილება სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე Aqualia-ში და როგორ ფიქრობთ, მზად არის სექტორი შესაბამის გამოწვევებთან გასამკლავებლად?
ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით. კლიმატის ცვლილება აღარ არის თეორიული საკითხი - ეს სტატისტიკით გამყარებული ფაქტია. ამას ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენს ოპერაციებში, სხვადასხვა ქვეყანასა და კონტექსტში. ეს ყველაფერი მოითხოვს გადაუდებელ ქმედებებსა და გრძელვადიან სტრატეგიას.
სტრუქტურული ქმედებები დამოკიდებულია გლობალურ კონსენსუსზე: ემისიების შემცირება, გარდამავალი ენერგეტიკული პერიოდი, საერთაშორისო ვალდებულებები. თუმცა, არსებობს სხვა ზომებიც, რომელთა განხორციელებაც ახლავე შეგვიძლია, მაგალითად ზეგავლენის შერბილება, ინფრასტრუქტურის ადაპტირება, რეგულირება, ხელახალი გამოყენება და გაუსნებოვნება.
წელს ესპანეთშიც შეგვექმნა ექსტრემალური ვითარება, თუმცა ასევე იყო სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ჩეხეთის რესპუბლიკაში, ძლიერმა წვიმებმა ჩვენი ობიექტები სერიოზულად დააზიანა. ეს მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის ფენომენი არ არის, გლობალური საკითხია, რომლის მოგვარებაც კონკრეტული გადაწყვეტილებებით უნდა მოხდეს.
მთავარია პროგნოზირება - ძლიერი წვიმების შემთხვევაში საჭიროა ჰიდრავლიკური რეგულირება, წყალდიდობის პროგნოზირება და ადრეული გაფრთხილების სისტემები. ეს არის ინსტრუმენტები, რომლებიც არ საჭიროებს დიდ ინვესტიციებს, მაგრამ მოითხოვს დაგეგმვას, ტექნოლოგიას და პრევენციულ ხედვას.
სამი ძირითადი საყურადღებო არეალი გვაქვს - ხელახალი გამოყენება, გაუსნებოვნება და წყალშემკრებების კონსერვაცია. ამ მიმართულებებით წინსვლას მკაფიო გეგმები, სტაბილური დაფინანსება და გაბედული გადაწყვეტილებები სჭირდება. დაუშვებელია, რომ ბარსელონას მეტროპოლიტენის არეალში გამტკნარების ქარხნის გაფართოების მსგავსი პროექტები დაფინანსების ნაკლებობის გამო შეჩერდეს, მაშინ, როცა საბედნიეროდ, ამ ტერიტორიაზე გვალვა იკლებს.
ასევე, ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიციები ხელახალი გამოყენების ქსელებში, მესამეული მომსახურების სფეროსა და წვიმის წყლისა და ჩამდინარე წყლების გამოყოფაში. საქმე დაგეგმვასა და იმის გაცნობიერებაშია, რომ შესაბამისი ხარჯები ტარიფებში უნდა აისახოს. სწორედ ესაა ყველაზე რთული ნაწილი - იმის მიღება, რომ ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას შესაბამისი ფასი აქვს. ესპანეთში ტარიფები გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში, რაც ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, განჭვრიტოთ და შევინარჩუნოთ ხედვები.
მაგალითად ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც ტარიფები 2,5-ჯერ მაღალია, ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტიცია ხორციელდება და მოვლა-პატრონობაზე ნაკლები იხარჯება. ესპანეთში პირიქით ხდება - ნაკლები ინვესტიცია და მეტი ბიუჯეტი იხარჯება მოძველებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე. ეს არის ციკლი, რომელიც უნდა შეიცვალოს, თუ გვსურს წყლის რეალური უსაფრთხოებისკენ სვლა.
ისეთ ქვეყნებში კი, როგორიცაა ჩეხეთი და საქართველო, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ტარიფების დაგეგმვის მექანიზმი ინფრასტრუქტურის განახლებასაც მოიცავს. ეს არის პროგნოზირებული და რეგულირებადი პროცესი, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს მეტ სტაბილურობას. მაგალითად, საქართველოს აქვს რეგულირების გამართული მექანიზმები, სამწლიანი ტარიფების გადახედვით, რომელიც დაფუძნებულია აუდირებულ საინვესტიციო გეგმებასა და კაპიტალურ და საინვესტიციო ხარჯებზე. აქ, ესპანეთში, ჩვენ ხშირად ვრჩებით მიჯაჭვულები მოკლევადიან მოდელებზე, სადაც ტარიფები პოლიტიკურად განიხილება და ეს საბოლოოდ სისტემის მდგრადობას ზღუდავს.
კითხვა - ჩვენ ციფრული ტრანსფორმაციის სამყაროში ვცხოვრობთ. როგორ აისახება ეს Aqualia-ს საქმიანობასა და შიდა კულტურაზე?
ჩვენი გუნდი ძალიან კარგად ადაპტირდება სიტუაციასთან და არ გვაქვს საქმე თაობებს შორის ციფრულ უთანასწორობასთან. თუმცა, არსებობს მუდმივი ტრენინგისა და სწავლის საჭიროება, რაც ნებისმიერი სტრუქტურული ტრანსფორმაციის დროს აუცილებელია.
მთავარია ორი საკითხი - პირველი ეხება მუშაობის წესს. სექტორში ტრადიციული მოდელი იყო თითოეული სერვისის ავტონომიურ ერთეულებად ფუნქციონირება: ქალაქი, დაბა ან რეგიონი საკუთარი გუნდით, საწყობითა და ლოჯისტიკით. ახლა კი ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. დღეს ჩვენ ვმართავთ მომსახურებას ოპერატიული ცენტრებიდან, რომლებიც შეიძლება ასობით ან ათასობით კილომეტრის დაშორებით იყვნენ საოპერაციო არეალებიდან. შეტყობინებები ალგორითმების მეშვეობით ავტომატურად იგზავნება და პრიორიტეტებიც კრიტიკულობის მიხედვით ისაზღვრება.
აზრი, რომ მომსახურების გაწევა მხოლოდ კონტკრეტული ტერიტორიიდან არის შესაძლებელი, მოძველებულია. დღეს ბრიგადამ შეიძლება მიიღოს ქმედების მითითება 20 ან 2000 კილომეტრის დისტანციიდან. მნიშვნელოვანია არა ფიზიკური სიახლოვე, არამედ ტექნიკური და ოპერატიული ეფექტურობა.
მეორე ცვლილება ეხება ახალ პროფესიებს - ჩვენ ყოველთვის გვყავდა ტექნიკური პერსონალი, ინჟინრები , წყლის გაწმენდის სპეციალისტები, თუმცა, ახლა გუნდში დაგვემატნენ ტექნოლოგიური პროფესიების წარმომადგენლები - მათემატიკოსები, ფიზიკოსები, მონაცემთა ანალიტიკოსები და სხვა.
ეს ცვლილება ასევე იზიდავს ახალგაზრდა, ნიჭიერ ქალებს, რაც ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ჩვენთვის. ადმინისტრაციულ, ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციების სფეროებში ქალები უკვე უმრავლესობას წარმოადგენენ, თუმცა ტრადიციულ ტექნიკურ როლებში ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ახალი ტექნოლოგიური პროფილების ინტეგრირება ხელს უწყობს ამ მოცემულობის დაბალანსებას.
გულწრფელად მჯერა, რომ წყლის სექტორში მუშაობა ძალიან მიმზიდველი კარიერული შესაძლებლობაა. ეს არის გარემო, რომელსაც აქვს სტაბილურობა, მკაფიო მიზანი და ტექნოლოგიური განვითარება, რაც მას ახალი თაობებისთვის სულ უფრო მიმზიდველს ხდის.
კითხვა - წყალმომარაგება სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისია, თუმცა მოქალაქეებისთვის ხშირად უხილავი. როგორ აფასებთ ზოგადად სექტორის და Aqualia-ს კომუნიკაციას საზოგადოებასთან?
მართალია, ესპანეთში წყალმომარაგების მომსახურებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ის ასევე გარკვეულწილად უგულებელყოფილია. 2024 წლის სექტემბერში ჩატარებულ CIS-ის კვლევაში, წყალი მოქალაქეთა საზრუნავ თემებს შორის 35-ე ადგილზე აღმოჩნდა და მხოლოდ 1%-მა აღნიშნა გამოკითხვისას.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც წყლის მუდმივი დეფიციტია და არსებობს გაუდაბნოებული ტერიტორიები, თუმცა მოქალაქეები ამას თითქმის ვერ ამჩნევენ, რაც ლოგიკურიცაა, რადგან წყალმომარაგება არის სერვისი, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს, მცირე გავლენას ახდენს ოჯახის ბიუჯეტზე (1%-ზე ნაკლები) და მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც რაიმე შეფერხებაა.
ესპანელი მომხმარებელი ონკანს გახსნის და წყალი წამოვა, მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას მისთვის ფარული პროცესი - დაგეგმვა, ინვესტიცია, მოვლა-პატრონობა და ინოვაცია. ჩვენი გამოწვევაა ვაჩვენოთ ამ კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობა.
წყალმომარაგების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, Aqualia ყოველწლიურად ახორციელებს ყოვლისმომცველ საკომუნიკაციო გეგმას, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მუშაობის გზამკვლევს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის. აღნიშნული დოკუმენტი ადაპტირებულია სხვადასხვა ქვეყნებისთვის რეგიონის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
მაგალითად, რადგან კოლუმბიაში კომუნიკაციის საკმაოდ მწვავე პრობლემაა, შესაბამისი მასშტაბის საკომუნიკაციო გუნდები გვყავს. საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩვენი პრიორიტეტია და ვთანამშრომლობთ აზრის ლიდერებთან, რათა კომუნიკაცია იყოს მუდმივი და მჭიდროდ დაკავშირებული შესაბამის სოციალურ კონტექსტთან.
კომუნიკაციის გლობალურ მიდგომას ჩვენ ყველა ქვეყანაში ვიყენებთ. კოლუმბიაში ჩვენ კოლუმბიელებივით ვკომუნიცირებთ, საფრანგეთში - ფრანგებივით და ა.შ. ჩვენ ვაადაპტირებთ საკომუნიკაციო გზავნილებსა და არხებს, მაგრამ ვიყენებთ ერთ პრინციპს - თანმიმდევრულობა და გამჭვირვალობა.
ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართული სექტორულ თანამშრომლობებში, ვერთიანდებით წყლის მენეჯმენტის სრულყოფის ხელშემწყობ 50-ზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო ასოციაციაში, მათ შორის: AEAS, Water Europe, Global Compact და სხვა.
ერთ-ერთი აღსანიშნავი მაგალითია, ალიანსი „ნაბიჯი წყლისკენ“, რომელსაც დასაწყისიდან ვუჭერთ მხარს. ეს არის მრავალმხრივი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სექტორის კომპანიებს - ქალაქის წყლის, სასმელების, კერამიკისა და მრეწველობის წარმომადგენლებს საერთო მიზნით - ბიზნეს საქმიანობის ცენტრში მოაქციონ წყლის ეფექტიანობა და წრიული ეკონომიკა. ალიანსი “ნაბიჯი წყლისკენ” ახლა იწყებს ევროპაში თავის დამკვიდრებას და ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.
გარდა ამისა, მჯერა, რომ სექტორი ინსტიტუციური სიმწიფის კუთხით ვითარდება. საჯარო და კერძო მენეჯმენტს შორის ძველი დებატები მრავალი თვალსაზრისით დასრულდა. მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს. მთავარია სრულყოფილება, გამჭვირვალობა, ინვესტიციები და მომსახურება.
Aqualia-ში, ისევე როგორც სექტორის სხვა საჯარო, თუ კერძო კომპანიაში ათასობით პროფესიონალია დასაქმებული, რომლებიც აბსოლუტურ ერთგულებას გამოხატავენ საერთო ინტერესების მიმართ. ვფიქრობ, ამ გზავნილმა პოლიტიკურ დონეზეც კი ჰპოვა გამოხმაურება და ეს ყველასთვის დადებითად აისახება.
კითხვა: და ბოლოს, რა არის ის მთავარი მიზნები, რომელთა მიღწევაც Aqualia-ს 2030 წლისთვის სურს?
გზა საკმაოდ ნათელია - კომპანიის დასახული მიზნები ამბიციური და მიღწევადია.
პირველ რიგში გვსურს სრულად გადავიდეთ მწვანე და მდგრადი დაფინანსების მოდელზე, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ. თითქმის ყველა ინვესტიცია უკვე შეესაბამება მდგრადობის კრიტერიუმებს, რაც ჩვენი სასურველი ბიზნეს მოდელისადმი ერთგულების ნათელი მაგალითია.
მეორე მთავარი მიზანი ჩვენი სერვისების სრული გაციფრულებაა. ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. გვსურს მივიდეთ გაციფრულების იმ ეტაპზე, სადაც მონაცემთა ანალიზის, წნევების მონიტორინგისა და ქსელის ავტომატიზაციის მეშვეობით სრულად შევძლებთ ფარული ჟონვების წინასწარ პრევენციას.
ასევე დავსახეთ ძალიან კონკრეტული მიზნები ენერგოეფექტურობის მიმართულებითაც. ამჟამად, ჩვენი ელექტროენერგიის მიწოდების 46%-ზე მეტი განახლებადი წყაროებიდან მოდის. მხოლოდ საქართველოში 350 გვტ.სთ-ზე მეტ ჰიდროელექტროენერგიას ვაწარმოებთ, რაც ესპანეთში ოპერაციებისთბის მოხმარებული ელექტროენერგიის მთლიანი რაოდენობის 70%-ს შეადგენს. ენერგეტიკული თვითკმარობა სტრატეგიული პრიორიტეტია.
ზრდის თვალსაზრისით, გვსურს გავაგრძელოთ პოზიციების კონსოლიდაცია ძირითად ბაზრებზე: რა თქმა უნდა, ესპანეთში, ასევე შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკაში, საფრანგეთში, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის სამ ან ოთხ შტატში დაფუძნება. უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ჰიუსტონი, სან ანტონიო და ოსტინი. ვაგრძელებთ არეალების გაფართოებას როგორც მუნიციპალურ რაიონებში, ასევე ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით.
და ბოლოს, არსებობს უფრო სტრუქტურული მიზანი - გეოგრაფიული არეალის გაფართოება. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ამჟამად ერთადერთი მსხვილი რეგიონია მსოფლიოში, სადაც არ ვართ წარმოდგენილი და განვიხილავთ ათვისებას. გვაქვს მკაფიო მიზანი - შევიდეთ ამ რეგიონში და დავიწყოთ მუდმივი ოპერირება.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი აქციონერების მუდმივ მხარდაჭერას. 2017 წლიდან, როგორც FCC, რომელსაც Carso Group წარმოადგენს, ასევე IFM მხარს უჭერენ ჩვენს ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც თავდაპირველად უფრო რთულად ან ამბიციურად გამოიყურებოდა. ამ ნდობამ მოგვცა სტაბილურობითა და გრძელვადიანი ხედვით განვითარების შესაძლებლობა. დღესდღეობით, Aqualia მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადახდისუნარიანი კომპანიაა წყლის სექტორში, არა მხოლოდ მოცულობით, არამედ მომგებიანობით, ფინანსური შესაძლებლობებითა და ზრდის მოდელისადმი ერთგულებით.

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს