23/05/2013 GWP-ისა და ჰოლანდიის წყალმომარაგების კომპანიებს შორის გამოცდილების გაზიარება მოხდა
ჰოლანდიის წყალმომარაგების ბაზარზე მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, საქართველოში ნიდერლანდების ელჩის პირველი მოადგილის - ანჟელ სამურას ხელმძღვანელობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ობიექტს გამოცდილების გაზიარების მიზნით ესტუმრა. აღნიშნული აქტივობა დაიგეგმა ნიდერლანდების საელჩოს მიერ ორგანიზებული სემინარის - „ჰოლანდიის წყლის დღეების“ ფარგლებში.
ჰოლანდიის დელეგაციას მეგზურობა გაუწიეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელმა პირებმა და სპეციალისტებმა, რომლებმაც კოლეგებს დეტალურად გააცნეს, თუ რაში მდგომარეობდა თბილისის წყალმომარაგების ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათავო ნაგებობის უნიკალურობა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები. ყურადღება გამახვილდა ნედლი წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის იმ ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებსა და საშუალებებზე, რაც ღრმაღელის სათავო ნაგებობაზე თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიის სპეციალისტების მიერ იქნა შემუშავებული და დანერგილი.
ჰოლანდიის დელეგაცია სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემითაც დაინტერესდა და ამ მიზნით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობას გაეცნო. ჰოლანდიელი სპეციალისტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა ის ფაქტი, თუ რამდენად შესაბამისობაშია ცენტრალური ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა თანამედროვე მოთხოვნებთან და რამდენად აკმაყოფილებს ის სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს. ცენტრალური ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კომპლექსური კვლევების მონაცემებმა ცხადყო, რომ თბილისისათვის მიწოდებულ სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია და აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხასიათდება სასიამოვნო გემოვნური თვისებებით და მდიდარია სხვადასხვა მინერალით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ISO-17025 სტანდარტის შესაბამის აკრედიტაციას ფლობს, კოორდინაციას უწევს კომპანიის დანარჩენი ლაბორატორიების ფუნქციონირებას. სასმელი წყლის ხარისხის კვლევა უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში ხორციელდება როგორც ქიმიურ, ისე მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. ლაბორატორიაში დამონტაჟებული უახლესი აპარატურა საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ორგანული ნაერთების - ნავთობპროდუქტების, ადვილად აქროლადი ნივთიერებებისა და პესტიციდების, ასევე, სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლების - ტუტე, ტუტე-მიწათა, მკაცრად ლიმიტირებული მძიმე მეტალებისა თუ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებისა და ციანიდების დონე. ჩატარებული ანალიზების თანახმად, თბილისელებისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი მთლიანად აკმაყოფილებს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი