24/08/2012 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასმელი წყლის რეზერვუარი „ვაზისუბანი I“ ექსპლუატაციაში გაუშვა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ექსპლუატაციაში გაუშვა 7500 კუბური მეტრის მოცულობის სასმელი წყლის სამარაგო რეზერვუარი - „ვაზისუბანი I“. ამ ახლადრეაბილიტირებული ობიექტის საექსპლუატაციოდ მომზადებისა და წყალსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების სამუშაოები კომპანიამ რამდენიმე დღის წინ დაასრულა.
თბილისის წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი ამ ერთ-ერთი ობიექტის სრულ რეკონსტრუქციას, რაც ახალი მშენებლობის ტოლფასი იყო, კომპანია მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა და ახლახან დაასრულა. რეზერვუარის მშენებლობა კომპანიამ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, სასმელი წყლის დამატებითი მოცულობების შექმნის მიზნით განახორციელა. რეკონსტრუქციის პროცესში კომპანიამ გამოიყენა ისეთი უახლესი მიდგომები, რამაც მას საშუალება მისცა, სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, უმოკლეს დროში განეხორციელებინა. ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ასევე მაქსიმალურად უზრუნველყოფილია რეზერვუარის სეიმური მდგრადობაც.
„ვაზისუბანი I“-ის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, წყალმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს, კაიროს, ბოგდან ხმელნიცკის, ცისკრის, ჩოლოყაშვილის, წულაძის, დოდაშვილის, ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაზისუბნის დასახლება კი წყალს სტაბილურად უწყვეტად მიიღებს.
ამას გარდა, აღნიშნული ქუჩების უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე ახორციელებს რიგ ტექნიკურ ღონისძიებებს სასმელი წყლის დამატებითი რესურსების შესაქმნელად. მიმდინარე წლის ბოლომდე, აღნიშნულ უბნებში კომპანია ეტაპობრივად დაამონტაჟებს უახლესი ტიპის წნევის რეგულატორებსა და ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელ ტუმბო-აგრეგატებს. ეს უახლესი ტიპის ევროპული წარმოების ტუმბო-აგრეგატებია, რომლებიც წნევას წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში დაარეგულირებს. ახალი დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებით, კომპანია კონკრეტული ქუჩების მოსახლეობას, წლის ბოლომდე, სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ განხორციელებული ყველა კომპლექსური ტექნიკური ღონისძიება ერთ მიზანს ემსახურება - ეს თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფაა, რაც დედაქალაქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის ბოლოსთვის განხორციელდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი