17/06/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ განცხადება
გამომდინარე თემის აქტუალურობიდან, გვსურს მოკლედ, ფაქტების დონეზე, გაგაცნოთ ვითარება, რომელიც შეეხება ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“’ და გოგირდის 5 აბანოს შორის არსებულ დავას. გვინდა შეგახსენოთ - დავა გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნულ აბანოებს არ სურთ გადაიხადონ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ არსებული, უკვე წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე დაგროვილი საკანალიზაციო მომსახურების დავალიანება.
ბიზნეს სუბიექტებს შორის წარმოქმნილი პრობლემა ამჟამად გადატანილია სასამართლოში. ვინაიდან აღნიშნული საკითხი რეზონანსულია, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიიღო გადაწყვეტილება, მიაწოდოს საზოგადოებას ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მიმდინარე პროცესის შესახებ.
მიუხედავად არსებული სამართლებრივი ბერკეტებისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გამოიჩინა კეთილი ნება, არ შეუწყვიტა გოგირდის აბანოებს წყლის მიწოდება და არ დაუყადაღა ანგარიშები, რადგან არ გვსურს ხელი შევუშალოთ ბიზნესის ფუნქციონირებას.
2015 წლის თებერვლიდან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალმა მენეჯმენტმა შეძლო ტექნიკურად აღერიცხა აბანოების მიერ მოხმარებული სითხის ოდენობა და გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფიდან, რაც შეადგენს 0.85 თეთრს ერთ კუბურ მეტრ ჩამდინარე წყალზე, დააკისრა გოგირდის თითოეულ აბანოს შესაბამისი გადასახადი.
გვინდა დავაზუსტოთ რომ ტარიფი არ შეცვლილა, უბრალოდ, ამჟამად კომპანია უკვე ახერხებს აღრიცხოს აბანოებიდან საკანალიზაციო კოლექტორში ჩამდინარე წყლების ოდენობა.
აბანოების ხელმძღვანელები უარს აცხადებენ გადაიხადონ კანონით დაკისრებული თანხა და ცდილობენ მთავრობისა და სემეკის ყურადღების მიპყრობას სხვადასხვა მეთოდებით.
აბანოების განცხადებით, გამომდინარე მათი ბიზნესის სპეციფიკიდან, აბანოებს არ აქვთ საშუალება, დაკეტონ გოგირდის წყალი, რის გამოც ჩადინება ხდება 24 საათის განმავლობაში.
სწორედ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც“ უწევს აბანოებს უწყვეტ მომსახურებას 24 საათის მანძილზე და საკუთარი კოლექტორის საშუალებით გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე ჩააქვს გოგირდის წყლები, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს კომპანიის ინფრასტრუქტურას და რაც დაკავშირებულია კომპანიის მხრიდან არსებით ხარჯებთან. სწორედ ამ ხარჯების მიხედვითაა დათვლილი სემეკის მიერ ჩამდინარე წყლების ტარიფი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ჩვენი ბიზნესი ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. არადა, თუ სპეციფიკაზე მიდგება საქმე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელიც 24 საათის მანძილზე, უწყვეტად ამარაგებს თბილისის მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყლით და ასევე, უწყვეტ რეჟიმში ეწევა წყალარინების მომსახურებას.
ასევე, შეუძლებელია კომპანიამ დაუშვას გამონაკლისი და დაუწესოს აბანოებს უფრო დაბალი ტარიფი, რადგან სხვა კომპანიებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვერ ჩავაყენებთ.
ჯერ კიდევ დავის სასამართლოში გადატანამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შესთავაზა გოგირდის აბანოებს დაგროვილი დავალიანების გადანაწილება, თუმცა მათგან თანხმობა ვერ მიიღო. არაერთხელ გვქონდა მოლაპარაკების მცდელობაც, მაგრამ ნაცვლად მოლაპარაკებისა, აბანოების ხელმძღვანელები დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ.
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს აბაოებისთვის მომსახურების გაწევას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებებსა და ქმედებებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი